უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, „გაეროს ხელმძღვანელობით საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისივე ცნობით, პროცესში ჩართულნი არიან პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ფლოტები, რათა უსაფრთხო სავაჭრო გზა იყოს უზრუნველყოფილი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი დაადანაშაულა „შიმშილის თამაშებში მსოფლიოსთან, რაც გამოიხატება ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტის დაბლოკვასა და მეორე ხელით უკრაინაზე გადაბრალების მცდელობაში“.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავის უკრაინელ კოლეგას, რომ ანკარა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
პარასკევს ზელენსკიმ თქვა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, გაეცანით Europetime-ის სტატიას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.