ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა საჯაროდ პირველად გამოუცხადა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და მხარს უჭერს მათ უფლებას რუსეთთან ომში დაიცვან თავისი ქვეყანა.

მერკელი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საჯაროდ პირველად 6 თვის შემდეგ გამოჩნდა. მან უკრაინაში მომხდარს "ბარბაროსული ომი" უწოდა, და განაცხადა, რომ კონფრონტაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

„ჯერ ვერავინ შეძლებს ზუსტად შეაფასოს, რამდენად შორს მიმავალი იქნება რუსული შემოჭრის შედეგები“, თქვა ყოფილმა კანცლერმა. მაგრამ, ეს შედეგები მერკელის აზრით, მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. მან აღნიშნა, რომ ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა - ”ამ საშინელების მაგალითია ბუჩა,” 

შექმნილ ვითარებაში, მერკელის თქმით, ევროკავშირის ერთიანობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ”ჩვენ არასდროს არ უნდა მივიღოთ მშვიდობა და თავისუფლება თავისთავად”, - დასძინა ყოფილმა კანცლერმა. მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს საომარი მოქმედებების დასრულებას.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანგელა მერკელი ძირითადად დუმდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. 25 თებერვალს მან ომს უწოდა "ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში წყალგამყოფი მოვლენა".


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.