ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს, თუმცა რუსეთის ჯარები შევიდნენ ქვეყნის 3 620 დასახლებაში, საიდანაც 1 017 უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„რუსული ჯარი უკრაინაში 3620 დასახლებაში შევიდა. აქედან 1017 უკვე გათავისუფლდა, კიდევ 2 603 გასათავისუფლებელია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი, თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრი, დამპყრობლების კონტროლის ქვეშაა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ბენილუქსის ყველა ქვეყნის ფართობი ერთად“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ამასთან, მან გაიხსენა, რომ რუსეთმა რვა წლის წინ გააჩაღა ომი უკრაინის წინააღმდეგ და 2014 წლიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლამდე აგრესიული ქმედებების შედეგად აკონტროლებდა თითქმის 43 ათას კვადრატულ კილომეტრს, ეს ტერიტორიაა - ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მესამედი.
ასევე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად 300 ათასი კვ.მ. კმ უკრაინის ტერიტორია აუფეთქებელი ნაღმებითა და ჭურვებითაა დაბინძურებული. ზელენსკიმ დასძინა, რომ 12 მილიონი უკრაინელი გახდა იძულებით გადაადგილებული, 5 მილიონზე მეტი, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები, საზღვარგარეთ წავიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.