უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება წელსაც შესაძლებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში GLOBSEC-2022 მონაწილეობისას განაცხადა.
„რუსეთი განაგრძობს ძალისხმევას მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციისთვის. ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზებია, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია წელს მოხდეს", - თქვა რეზნიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ კრემლის ხელისუფლების ოცნებაა შეაგროვოს ე.წ. მათი მიწები.
„შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები. ამიტომ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და შევაკავოთ იგი მომავალშიც", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. გარდა ამისა, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია არაა რეგულარული და ცივილიზებული. მის რიგებში მკვლელები, მძარცველები და მოძალადეები არიან. „ეს არ არის მეორე არმია მსოფლიოში, ჩვენ მათ "ორკებს" ვუწოდებთ", - შეაჯამა რეზნიკოვმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.