რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია ძლიერი დიპლომატიით, სანქციებითა და იარაღით - იერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდისთვის პასუხისმგებლობა მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს და რუსული აგრესია შეიძლება, შეჩერდეს ძლიერი დიპლომატიის, ეკონომიკური სანქციების და იარაღის გამოყენებით.

იერმაკმა აღნიშნა, რომ „აგრესორის პასუხისმგებლობა არის არა დამცირება, არამედ სამართლიანობა“.

„ზოგიერთი ქვეყანა გვთავაზობს, „არ დამცირდეს“ რუსეთი. ამავდროულად, ჩვენ გვბომბავენ: ჩვენს ქალაქებს, ხალხს... ისინი ცდილობენ ჩვენი ტერიტორიების წართმევას, ზოგი კი უკვე რვა წელია, ოკუპირებულია. პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, უკრაინელების გენოციდზე მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს“, - განაცხადა იერმაკმა.

შეგახსენებთ, რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ძალებმა კიევზე საჰაერო შეტევა განახორციელეს. მანამდე, უკრაინის დედაქალაქის მერი იუწყებოდა, რომ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველ ივნისს ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.