აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
- ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ
- CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს
„უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან ახალ პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალი პაკეტის ფარგლებში $700 მილიონს გამოუყოფს.
30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე. ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს.
მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება.
საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.