რუსეთის ძალები შავ ზღვაში გადაჯგუფებას განაგრძობენ - უკრაინა

რუსეთის ძალებმა რამდენიმე ხომალდი დროებით ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ბაზებზე დააბრუნეს, მაგრამ შავი ზღვიდან 12-მდე საკრუიზო რაკეტის გაშვება მაინც შეეძლებათ. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერჰი ბტრაჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მტერი სადესანტო ოპერაციის აქტიური ეტაპისთვის ემზადება.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ გველების კუნძულზე რუსეთი ზრდის საბრძოლო პოტენციალს, მაგრამ ოდესის ოლქის თავდაცვის ძალები მტრის შესაჩერებლად ზომებს იღებენ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.