ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. სააგენტო DW ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
- ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ
- რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია
- Bloomberg: ნაწილობრივი ნავთობემბარგოს შედეგად, რუსეთი ყოველწლიურად $10 მილიარდს დაკარგავს
ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან კატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება.
ამასთან, ბრეტონის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
ევროკომისრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა ამის გაკეთებას გაზის გამოყენებით ცდილობს. „ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – განაცხადა ბრეტონმა.
შეგახსენებთ, რომ დანიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.
შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.