ექსპორტის სრული შეჩერებისა და შიდა მოთხოვნის შემცირების გამო, რუსეთში, ადგილბრივ ტყვიის ქარხნებში ორთვიანი მარაგი დაგროვდა. ზოგიერთი ბიზნესი დახურვის პირასაა. ამის შესახებ რუსული მედია ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ცნობილია, რომ ნედლი ტყვიის ექსპორტი ევროკავშირში მარტში პრაქტიკულად შეჩერდა. სანქციების ფონზე ლოჯისტიკასთან და ბანკთაშორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთში წარმოება შემცირდა. 10 ივლისიდან კი ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტით ნედლი ტყვიის ექსპორტი ამ ბაზარზე ოფიციალურად იკრძალება.
სხვა ქვეყნებში ტყვიის ექსპორტისთვის 2022 წლის 16 მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით მწარმოებლებმა უნდა მიიღონ სპეციალური ლიცენზია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვები ჯერ არ გაუციათ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.