უკრაინას მეგობარი ქვეყნები სამხედრო დახმარებას რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით უგზავნიან

ჩეხეთი, პოლონეთი და ნიდერლანდები უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, უკრაინაში საბრძოლო მასალას, რუსეთისთვის განკუთვნილი სპეციალური წარწერებით აგზავნიან. ჭურვებზე დაწერილია სხვადასხვა „მილოცვა“ რუსეთის ძალების მისამართით. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ოფიციალურ უწყებებზე დაყრნდობით ავრცელებს.

მაგალითად, ჩეხეთი უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, წარწერით -  „პრაღის გაზაფხულისთვის". ნიდერლანდების მიერ გაგზავნილ ჭურვებზე ეწერა -  "შურისძიება MH17-ისთვის", ხოლო პოლონელები წერენ - "კატინისთვის!"


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.