ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა და საბრძოლო მასალა გადასცა

ნორვეგიამ უკრაინას 22 ერთეული (M109) თვითმავალი ჰაუბიცა, საარტილერიო სამაგრი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალები გადასცა, ამის შესახებ ნათქვამია სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

„უკრაინაში ომის განვითარება აჩვენებს, რომ ახლა აუცილებელია ამ ქვეყნისთვის უფრო მძიმე აღჭურვილობისა და იარაღის სისტემების გადაცემა“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.

ამავდროულად, ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა, კიევისთვის მანამდე გადაცემული იარაღი სამხრეთ კორეისგან მიღებული ახალი არტილერიით ჩაანაცვლეს - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა. 


14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.