უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა ამ ეტაპზე, სევეროდონეცკში რუსული არმიის რესურსის მაქსიმალურად ამოწურვაა - პოდოლიაკი

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა ამ ეტაპზე სვეროდონეცკის რაიონში რუსული არმიის რესურსის მაქსიმალურად ამოწურვა, მტრის ცოცხალი ძალისა და შეიარაღებისთვის მაქსიმალური დანაკარგის მიყენებაა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინა იმედოვნებს, რომ დაუგროვდება პარტნიორების მიერ მიწოდებული იმდენი იარაღი, რომ კიევმა ეფექტიანი კონტრშეტევის განხორციელება შეძლოს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, მიაღწიოს გარკვეულ პარიტეტს რუსეთის არმიასთან, ცეცხლსასროლი იარაღის თვალსაზრისით და ამიტომ, ხსენებულ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან მუდმივად აყენებს.

„ქვეყნის აღმოსავლეთში ამჟამად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, რასაც სულ უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის მიზეზი არტილერიის კუთხით აბსოლუტური უთანასწორობაა. რუსეთის ჯარებმა განათავსეს თითქმის მთელი თავისი არაბირთვული იარაღი ფრონტის ხაზზე, მათ შორის მძიმე არტილერია, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები დანადგარები და სამხედრო თვითმფრინავები, რამაც უკრაინულ ძალებს შორის უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვია“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.