რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს NATO-ს ქვეყნებიდან და ეს საკითხი დღეს, 15 ივნისს, უკრაინის მხარდაჭერისთვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს შტაბ-ბინაში განიხილება. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ალიანსის გენმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს არის ფორმატი, რომელიც შეიქმნა რამშტეინის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ და რეგულარულად იკრიბება NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უკრაინას მიეწოდოს სხვადასხვა ტიპის იარაღი, სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვიდი მოკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს. 2014 წლიდან NATO-ს მოკავშირეებმა მოამზადეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.
„მაგრამ ისინი უნდა მოემზადონ გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერისთვის, რადგან არ არსებობს იმის პროგნოზი, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა დიდი ხნით და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.