ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს.

BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“. 

კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ.

„ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.