უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს შემოიღებს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მთავრობას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის საკითხის გადახედვა შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, მინისტრთა კაბინეტის დაგეგმილი გადაწყვეტილებით, უკრაინა ივლისის დასაწყისიდან სავიზო რეჟიმს ამოქმედებს.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „უსაფრთხოება დღეს პრიორიტეტია. რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე აუცილებელია რუსეთის მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლაზე კონტროლის რეჟიმის გაძლიერება“, - განაცხადა იერმაკმა.
ამასთან, რუსეთი როგორც საპასუხო ღონისძიებას არ გეგმავს უკრაინელებისთვის ვიზების შემოღებას, განუცხადა „ინტერფაქსს“ სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა