დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან The Sunday Times-ზე გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
ჯონსონი თვლის, რომ პუტინს უკან დახევისთვის ჭკუა არ ეყოფა და შესაძლოა, მაინც იფიქროს, რომ უკრაინის სრული დაპყრობა შესაძლებელია.
„ვშიშობ, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის გაძლიერება ხანგრძლივი ომისთვის, რადგან პუტინი ცდილობს უკრაინის დამხობა სისასტიკით“, - წერს პრემიერ-მინისტრი. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ჰქონდეს სტრატეგიული გამძლეობა, რომ გადარჩეს და საბოლოოდ გაიმარჯვოს.
„დრო სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა უფრო სწრაფად გააძლიეროს თავისი დაცვის უნარი“, - წერს ჯონსონი.
იმავდროულად, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ ოთხი პუნქტი, რათა დაეხმარონ უკრაინას გადარჩენაში.
პირველ რიგში, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, ასევე, ჩატარდეს სწავლება. დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება ფართომასშტაბიანი შეჭრამდე შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს.
მეორე, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, რათა შეინარჩუნოს თავისი სამთავრობო ინსტიტუტების სტაბილურობა - კრაინის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს სოციალური ინფრასტრუქტურა, გადაიხადოს ხელფასები და პენსიები და დააფინანსოს დანგრეული შენობების რეკონსტრუქცია.
მესამე, უკრაინის ეკონომიკაში შემოსავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინული საკვების, განსაკუთრებით მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების უზრუნველყოფა.
მეოთხე, ბრიტანეთმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, უნდა განბლოკოს უკრაინის საზღვაო პორტები და დაუყონებლივ დაეხმაროს 25 მილიონი ტონა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს, რაც მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სჭირდებათ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.