„თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია, უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან ომის და 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით, NATO სამიტზე განაცხადებენ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია, გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.