უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთი ბელორუსში სამხედრო ყოფნას აძლიერებს.
„გომელის რეგიონის ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობა გააფრთხილეს რუსული სამხედრო ნაწილების შესაძლო დაბრუნების შესახებ. ამავდროულად, რუსები გეგმავენ ბელორუსის ტერიტორიაზე ოპერატიული და ტაქტიკური ავიაციის რაოდენობის გაზრდას. ოფიციალური მიზეზი, ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საავიაციო და საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფების ერთობლივი საჰაერო საპატრულო მისიების განხორციელებაა. ამ მიზნით, ბარანოვიჩის აეროდრომზე 10 თვითმფრინავი გადაფრინდება“, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო თავის ანგარიშში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.