რუსეთიდან, ბელორუსიდან ან კასპიის ზღვიდან უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები უსაფრთხოების გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირება ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს“.
„რუსმა ტერორისტებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები: სარაკეტო დარტყმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ამ თავდასხმების მზაკვრულ ხასიათს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ისინი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სიღრმიდან, ბელორუსის ტერიტორიიდან ან კასპიისა და შავი ზღვების წყლებიდან. ეს არის სტრატეგიული გამოწვევა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირება ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს“, - მიიჩნევს რეზნიკოვი.
როგორც აღინიშნა, პირველი ნაწილი სანქციების გამკაცრებაა.
„აუცილებელია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება და შენარჩუნება, რომელიც ამჟამად შეიცავს NATO-ს ქვეყნების მიერ მოწოდებულ ბევრ კომპონენტს“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მეორე ნაწილია უკრაინაში ეფექტიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების სწრაფი განლაგება. „ეს არის ძალიან მკაფიო და ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც NATO-ს სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული“, - დაამატა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
26 მაისს, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.