რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს - მერის მრჩეველი

მერის მრჩეველი, გალინა ლიაშევსკაია Facebook-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს.

ლიაშევსკაიას განმარტებით, კოლიხაევი ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებალეში თანამშრომლებთან მივიდა, რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს, შეამოწმეს მისი კომპიუტერი, დოკუმენტები, შემდეგ წაიყვანეს ავტობუსით, რომელსაც Z სიმბოლო ჰქონდა.

მერის მრჩეველი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა წერილი მიიღო ხერსონის ე.წ. მერისგან, რომელიც თანამშრომლობას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებოდა. კოლიხაევმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.