გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 155 მმ-იან Panzerhaubitze 2000 (Ph2000) ჰაუბიცას მიაწვდიან. ამის შესახებ NATO-ს სამიტის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა და ნიდერლანდების კასია ოლლონგრენმა განაცხადეს, იუწყება Sky News.
კერძოდ, მათი თქმით, რომ გაგზავნილი 12 ჰაუბიცის გარდა, თითოეული ქვეყანა უკრაინას კიდევ 3-ს გაუგზავნის. „ჩვენ ვავლენთ მონდომებასა და ერთგულებას უკრაინასთან მიმართებით და არ დავთმობთ რუსული აგრესიის წინაშე“, - განაცხადა ოლონგრენმა.
მანამდე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რომ პირველი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitze2000 უკვე ფრონტზე იყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, როგორ იყენებენ იარაღს ოკუპანტების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.