უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის რეკონსტრუქცია მოითხოვს კოლოსალურ ინვესტიციებს: მილიარდებს, ახალ ტექნოლოგიებს, საუკეთესო პრაქტიკას, ახალ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, რეფორმებს. ორშაბათს, უკრაინა ლუგანოში, შვეიცარიაში წარადგენს ეროვნულ ხედვას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.
„აქტიურად ვემზადებით შვეიცარიაში, ლუგანოში სპეციალური კონფერენციის დაწყებისთვის. კონფერენციის პირველი დღე ორშაბათს იქნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნის აღდგენას მიეძღვნება. აღდგენას ამ სიტყვის ფართო გაგებით. საჭიროა არამხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც გაანადგურეს ოკუპანტებმა, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის ახალი საფუძვლის შექმნა - უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. ამისთვის საჭიროა კოლოსალური ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, მოწინავე გამოცდილება, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.