უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლისიჩანსკისთვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინა ამბობს, რომ მისი ძალები რუსეთის ინტენსიურ დაბომბვას იგერიებენ. როგორც BBC წერს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით შევიდნენ ქალაქში და მიაღწიეს მის ცენტრს. რუსულმა წყაროებმა ასევე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს საბჭოთა დროშის განთავსება ქალაქის დანგრეულ ადმინისტრაციულ ცენტრში, მაგრამ ეს ცნობა არ არის დადასტურებული.
ეს არის უკანასკნელი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ ლუგანსკში, ინდუსტრიული დონბასის რეგიონის ნაწილში. რუსეთმა გასულ თვეს, ახლომდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დაიპყრო. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლისიჩანსკზე თავდასხმა არ შეწყვეტილა და რუსეთის ძალები ალყაშემორტყმულ ქალაქს ყველა მხრიდან უახლოვდებიან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.