ერდოღანი: გაეროს გეგმით მარცვლეულის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ

გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერმა, ასევე ვითარება სირიაში, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი და შავ ზღვაში ხორბლის გადასაზიდად, უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დასრულდეს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობით, რაც მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი.

ერდოღანის თქმით, თურქეთი, ისევე როგორც ადრე, მზადაა მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.


უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.