რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

უკრაინული მხარის ცნობით, „24 თებერვლიდან 17 ივლისის ჩათვლით, უკრაინის დამცველებმა თითქმის 38300 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს, მათ შორის 160 მხოლოდ გასულ დღეს“. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 1684 (+7) მტრის ტანკი, 3879 (+5) ჯავშანტექნიკა, 846 (+0) საარტილერიო სისტემა, 248 (+1) საზენიტო იარაღი, 110 (+1) საჰაერო თავდაცვის სისტემა. 220 (+0) საბრძოლო თვითმფრინავი, 188 (+0) ვერტმფრენი, 688 (+1) უპილოტო საფრენი აპარატი, 166 (+4) საკრუიზო რაკეტა, 15 (+0) საბრძოლო ხომალდი/კატარი, 2746 (+11) სატვირთო და ტანკერი და 68 ( +0) სპეცტექნიკის ერთეული“, - იუწყება უკრაინის გენშტაბი.

მისივე თანახმად, გასულ დღეს, რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის რაიონში განიცადა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.