ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით, სამხედრო დახმარების €500 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა.
საბჭო მშვიდობის ფონდის ფარგლებში დახმარების გამყოფას დაეთანხმა.
„ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინისთვის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ამჟამად 2.5 მილიარდი ევროს შეადგენს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვდა.
რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი.
„მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“, - წერდა დმიტრო კულება Twitter-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა.
„ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ბორელმა. ამ დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.