აშშ ირანს სანქციებით ემუქრება, თუ რუსეთს სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს

რუსეთის არმიისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუყოვნებლივ დაუწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება ირანის მიერ უპილოტო ტექნოლოგიების წარმოდგენის გამო. განვაგრძობთ ვითარების მონიტორინგს. ყველა ჩვენი სანქცია ძალაში რჩება. ნებისმიერი ასეთი ოპერაცია გამოიწვევს მთელ რიგ სანქციებს, რომლებიც მარაგში გვაქვს. არაა გამორიცხული, რომ ირანს ამ შემთხვევაში სანქციები სხვა ქვეყნებმაც დაუწესონ“, - განაცხადა პრაისმა.

როგორც UNIAN იტყობინება, 12 ივლისს ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მედიას აშშ-ს დაზვერვის იინფორმაცია გაუზიარა, რომლის თანახმადაც თეირანს რუსეთისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურს.  მისი განმარტებით, ამ იარაღის შეძენის აუცილებლობა, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა განპირობებული.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.