თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, სამხედრო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
„პროცესი გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამხედრო, პოლიტიკური თუ დიპლომატიური თვალსაზრისით. იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და გონივრულ, ლოგიკურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ", - განუცხადა აკარმა ჟურნალისტებს.
თურქული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ახალ დაბრკოლებას შეუქმნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გეგმას, თურქეთს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მიჰყიდოს.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის.
„აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა 30 ივნისს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს.
„ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი.
ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა.