რუსეთს დონბასზე შეტევისას ისევ მინიმალური წარმატებები აქვს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი, პოზიციების დაცვას განაგრძობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდზე. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდის სავალი ნაწილი დაზიანებულია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ხიდით სარგებლობა სავარაუდოდ, ისევ შესაძლებელია, თუმცა, რუსი სამხედროებისთვის სუსტ ადგილად იქცა. ეს რაიონი ერთ-ერთია დნეპრზე არსებული ორი პუნქტიდან, საიდანაც რუსეთს შეუძლია ჯარის გადაადგილება, ან მისი მომარაგება მდინარიდან დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.