ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია

"რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას - რაც უკვე განვიცადეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა შესაძლებელი. ეს დაიწყო გაზის ომით და დასრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, სარაკეტო ტერორით და გადამწვარი ქალაქებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.