ზელენსკი: უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტს პირველი შედეგი მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებთ, პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტს პირველი შედეგი მოჰყვა, სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სენატორებმა რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, შაჰინმა, გრემმა პორტმენმა და ბლუმენტალმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს.

მისი თქმით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მათ შორის რუსეთში იძულებითი დეპორტაცია და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა მასობრივი დანაშაულების დროს, არის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.