თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის ინფორმაციით, დღეს უკრაინის პორტებიდან, მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა.
დღეს დილიდან, ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან გავიდა საერთო ჯამში, 58 ათას ტონაზე მეტი სიმინდით დატვირთული გემები: Navistar, Polarnet, Rojen. გემებმა ტვირთი ირლანდიაში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში უნდა ჩაიტანონ. მანამდე გემები სტამბოლში გაჩერდებიან, სადაც მათ გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ გაემგზავრა, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.