ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ელჩის დაბარება, ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერება და ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნების დაწყება ტაივანის გარშემო. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის.
„ის (ნენსი პელოსი) სერიოზულად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში, ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა.
კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია, საჯაროდ ვსაუბრბთ. ამის შესახებ ვესაუბრე ჩინელ კოლეგებსაც - რომ მათ ნენსი პელოსის ვიზიტი არ უნდა გამოიყენონ ომის ესკალაციის, პროვოკაციული ქმედებების საბაბად. გამართლება არ აქვს მათ ქმედებებს. მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ჩინეთმა წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა.
პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა.
გაეცანით სტატიას