თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, დელეგაცია აშშ-ის ოფიციალური პირების მიწვევით, ვაშინგტონში მომავალ ორშაბათს ჩავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაყიდვის პირობებს, რომლებსაც კონგრესის ზოგიერთი წევრი ემხრობა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ანკარისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუ ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ის ასევე მოიცავს კონკრეტული ნაბიჯების აღწერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოიერიშეები არ გამოიყენებოდეს საბერძნეთის თავზე „არაავტორიზებული ფრენებისთვის“.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“და ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს.
„ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი.
ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.