ზელენსკიმ მაკრონს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ბრძოლის ველსა და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა.

უკრაინული მედია ლიდერების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისივე თანახმად, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს ხელშესახები თავდაცვითი დახმარებისთვის. ამასთან, განიხილეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.


 უკრაინა რუსთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს, მათ შორის, ატომური სადგურის უშუალო სიახლოვეს, რომელიც ევროპაში უდიდესია.

გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. 

მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.

დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.