პეკინი რუსეთში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს გაგზავნის

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინი რუსეთში ჯარებს გაგზავნის  წვრთნებში  - Vostok-2022 მონაწილეობის მისაღებად.

photo app

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლებას და სხვადასხვა საფრთხეზე რეაგირების უნარის გაძლიერებას". პეკინი აქვე განმარტავს, რომ „ეს არ არის დაკავშირებული დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან“.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და სხვა ქვეყნები. წვრთნები 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება. ბოლო ასეთი სწავლება 2018 წელს გაიმართა და მასში ჩინეთი პირველად მონაწილეობდა.


ცნობისთვის, 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. 

New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს.

„ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 

ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ.

„მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას.

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. 

ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე.

„ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავდნენ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებაში.