გერმანია ჯარისკაცებს ლიეტუვაში სექტემბრის დასაწყისში გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, იუწყება Delfi. ანუშაუსკაკმა დაადასტურა, რომ NATO-ს ბრიგადის ნაწილის განთავსება დაგეგმილია იონავაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მდებარეობა შეიძლება, შეიცვალოს.
საუბარია 50-მდე პერსონალზე, თუმცა ციფრი შესაძლოა, შეიცვალოს.
„ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციაზე. მათთან კოორდინაციაში ვართ. სავარაუდო თარიღია 8 სექტემბერი“, - განაცხადა მინისტრმა.
ლიეტუვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადების სრული განლაგებისთვის ინფრასტრუქტურა შესაძლოა, 2025 წლისთვის მომზადდეს.
2017 წლიდან, NATO-ს საერთაშორისო ბატალიონი გერმანიის მეთაურობით ლიეტუვაში იყო განლაგებული, მაგრამ მადრიდის სამიტზე გადაწყდა, რომ გაძლიერდეს NATO-ს დაწინაურებული ძალები ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე. ბატალიონები, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყვნენ, ბრიგადების დონეზე გაშლისთვის.
გაძლიერებული დაწინაურებული სამხედრო ყოფნის ფარგლებში NATO-ს ასეთი მრავალეროვნული ბატალიონები პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში არიან განლაგებულნი.
ბრიგადის უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, გერმანიაში იქნება განლაგებული. ლიეტუველი ოფიციალური პირები მსგავს გადაწყვეტილებებს მოკავშირე ჯარისკაცების მიღებისა და წვრთნის ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნიან და მისი განვითარების პირობას დებენ.
სხვა საკითხებთან ერთად, წელს ლიეტუვამ ახალი სამხედრო საწვრთნელი პოლიგონის მშენებლობა დაიწყო და ყაზარმების შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.
უახლოეს ორ-სამ წელიწადში, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს დაახლოებით 350 მილიონი ევრო. ასევე, იგეგმება ყაზარმების გაფართოება, სადაც მოკავშირეთა ბატალიონი გერმანიის მეთაურობით არის განლაგებული.
ამჟამად ბუნდესვერის ხელმძღვანელობით, ლიეტუვაში დაახლოებით, NATO-ს 1,600-კაციანი ბატალიონი იმყოფება, მათგან ათასი, გერმანელი ჯარისკაცია.
ინფორმაციისთვის, NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.