აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება, თუ ის G20-ის მომავალ სამიტს დაესწრება.
ამის შესახებ, Anadolu-ს ცნობით, ბაიდენმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა.
„თუ ის იქ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.
მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.
13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად.
G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი.
დიდი ოცეული აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. მისი წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.