მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ პირადი შემადგენლობის თითქმის 85% დაკარგა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები უკიდურესად დაბალ მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაში იმყოფებიან და მასიურად უარს ამბობენ ომის ზონაში დაბრუნებაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.
- უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს
- ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს.
ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.