გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთი განიცდის მარცხს უკრაინაში, უკრაინელი ხალხის „გმირული წინააღმდეგობისა" და დასავლეთის ქვეყნებიდან ძლიერი სოლიდარობის გამო. პოტსდამში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღინშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერიოზული შეცდომები დაუშვა უკრაინაში.
„ის ფიქრობდა, რომ მთელ უკრაინას დაიპყრობდა ორიდან სამ კვირაში. როდესაც მან ვერ მიაღწია ამას, ის აღმოსავლეთში გადავიდა, ფიქრობდა, რომ შეეძლო ამ ტერიტორიების დაპყრობა. მაგრამ მისი ორივე გეგმა ვერ ჩავარდა“, - განაცხადა შოლცმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გადარჩება. რადგან უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. მათ ჰყავთ მეგობრები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, უკრაინა კონტრშეტევების შედეგად, თავის ტერიტორიებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.