ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 14 სექტემბერს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა. ნურ-სულთანში შეხვედრისას, ყაზახეთის მედიის ცნობით მხარეებმა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები განიხილეს.
Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ სი ძინპინის პირველი ვიზიტი ყაზახეთში შემთხვევითი არ არის.
- „ყაზახეთი ჩინეთისთვის არის სახმელეთო გადაზიდვების გასაღები და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა „აბრეშუმის გზაზე“ და ორივე ქვეყნის ინტერესები შუა დერეფანზე გადის. ჩინეთს ტვირთები ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვისკენ და ასევე რუსეთის მიმართულებით გადააქვს და ამ ქვეყნიდან ხდება ცენტრალური აზიის „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვა“, - აცხადებს გოჩავა.
ამასთან, გოჩავა Europetime-თან ინტერვიუში, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის მთავარ საკვანძო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
„ყაზახეთი ჩაკეტილი ქვეყანაა და ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. სი ძინპინმა, ყასიმ ჟომართ თოყაევს პირობა მისცა, რომ ერთ-ერთ თავის უმსხვილეს პორტს დაუთმობს. პორტის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო სტრატეგიული დავალება, რომ 180 გრადუსით შეეცვალა პრიორიტეტები და აქცენტი გაეკეთებინა ყაზახეთის მიმართულებაზე და შუა დერეფნის მომსახურებისაკენ. ანუ ჩინეთის უდიდესი პორტი ახლა ემსახურება ყაზახეთს და შუა დერეფანს“, - აღნიშნავს გოჩავა.
ტვირთბრუნვა ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ოფიციალური სტატისტიკა:
- 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვა 46,7% გაზრდილი და $412,5 მილიონი შეადგინა. ამასთან, ყაზახეთიდან ჩინეთში 62,2%-ით მეტი ($280,4 მილიონი) სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავიდა. ჩინეთიდან იმპორტი კი 22,2%-ით არის გაზრდილი და $132,1 მილიონი შეადგინა.
ამასთან, სი ძინპინის ყაზახეთში ვიზიტისას, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთიდან ყაზახეთში 11,15 მილიონი იუანის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდებაზე. ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის სიაში ელექტრომოწყობილობების, ტელეფონებისა და ტრანსფორმატორების გარდა, ასევე შედის კომპიუტერები, მილები, ტანსაცმელი, პლასტმასის ნაწარმი, ავეჯი, ავტომობილები, საბურავები და ა.შ.
ექსპერტების შეფასებით , „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის საკვანძო პორტს წარმოადგენს აღმოსავლეთ ჩინეთში, ძიანსუს (Jiangsu) პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთში განლაგებული ლიანიუნკანგის პორტი (Lianyungang - Hai). ის წარმოადგენს გამოკვეთილ ბოლო პუნქტს „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის“ (Central Asia Regional Economic Cooperation - CAREC) დერეფანში, რომელიც CAREC-მა დიდი ხნით ადრე, ჩინეთის მიერ ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გაშვებამდე შექმნა.
„ჩინეთის ცენტრალური პოლიტიკა ლიანიუნკანგის პორტს განსაზღვრავს როგორც საკვანძო სტრატეგიულ პორტს ცენტრალური აზიისთვის, სთავაზობს რა ყაზახეთის მთავრობას და [საბოლოო შედეგი], „შუა დერეფნის“ პარტნიორ ქვეყნებს, წყნარ ოკეანესთან წვდომას. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ევროპის მიმართულებით მიდის ამ პორტში იტვირთება და აქედან უკვე სახმელეთო გზით, ხვდება შუა დერეფანში, შემდეგ კი საქართველოს პორტებს გაივლის და ევროპის ბაზარზე გადის.
ყაზახეთს ევროპაში გასასვლელი ჩვენი პორტების გარდა არ აქვს. თუ ევროპასთან ვაჭრობის გააქტიურება სურს, ტვირთების გადასაზიდად უნდა გამოიყენოს საქართველოს პორტები“, - აცხადებს გოჩავა.
გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს.
ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: