უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. კიევი შემდგომი დეოკუპაციის ნაბიჯებზე მსჯელობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შემდგომი ნაბიჯები.
„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შემდგომი ნაბიჯები და მიიღეს საჭირო გადაწყვეტილებები. ცალკე ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე და უკრაინის მიწების გათავისუფლების ოპერაციის გასაგრძელებლად საჭირო იარაღის სიის განახლებაზე“, - აცხადებენ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი; უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი სერხი შაპტალა; უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი ვიქტორ ხორენკო;
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ მალიუკი; ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი; შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი; საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება; ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრი ერმაკი.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.