ვოლოდიმირ ზელენსკი: იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაგზავნონ სასიკვდილოდ. არ დაემორჩილოთ კრიმინალურ მობილიზაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის რაც უფრო მეტი მოქალაქე ეცდება საკუთარი სიცოცხლის დაცვას, მით უფრო მალე დასრულდება რუსეთის ეს კრიმინალური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, არ დაემორჩილონ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ „კრიმინალურ მობილიზაციას“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხმა, კერძოდ, დაღესტანში დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი იწყებენ იმის გაგებას, რომ ეს მათი ცხოვრების საკითხია. რატომ უნდა დაიღუპონ მათი ქმრები, ძმები, ვაჟები ამ ომში? ომში, რომელიც ერთ ადამიანს უნდა. ომში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე.

იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაგზავნონ სასიკვდილოდ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: არის გამოსავალი. არ დაემორჩილოთ კრიმინალურ მობილიზაციას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, გაავრცელონ ეს მიმართვა. რუსეთის ფედერაციის რაც უფრო მეტი მოქალაქე ეცდება საკუთარი სიცოცხლის დაცვას, მით უფრო მალე დასრულდება რუსეთის ეს კრიმინალური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

წინ რთული კვირა გველის. რთული გზა. რთული გამოწვევები, მაგრამ წინ ჩვენი გამარჯვებაა. ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.