მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები

აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რათა კიევმა დაიცვას თავი და გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებილი ტერიტორიები.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კარპენტერის თქმით, ეს არის რუსეთის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რითაც ადგილზე ვითარების შეცვლა სურდა, თუმცა რეალურად, მოსკოვი ამით ვერაფერს შეცვლის.

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი, გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ათასობით კვადრატული ტერიტორია და ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთის იმპერიულ მიზნებზე დაფუძნებული ომი, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს.

  • რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.

კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.