"პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ, ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ის ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას, ამაში დარწმუნებული ვარ. უსებს უჭირთ კონტროლი ყველაფრის, რაც მათ ქვეყანაში ხდება, ისევე როგორც ვერ აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ბრძოლის ველზე ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს.
„ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს.
3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის.
თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.