აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო რეგიონში არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივან ბლინკენის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. 

„მდივნის მოადგილე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ხალხს დღემდე გაწეული თანამშრომლობისთვის.

  • ვიზიტის დროს ბონი დ. ჯენკინსი ხვდება საქართველოს ლიდერებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.



საქართველო რჩება არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით.

როგორც მდივნის მოადგილემ ხუთშაბათს განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განუცხადა Europetime-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა.

ბონი ჯენკინსის განცხადებით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.