ჯო ბაიდენი: სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის წინააღმდეგ, პუტინის უკანონო ომის სისასტიკე აჩვენეს

ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს, რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე და რუსეთისგან ჯარების გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი. 

„ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა სამიზნეები, რომლებიც სამხედრო ობიექტებს არ წარმოადგენდა. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის უკიდურეს სისასტიკეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენმა თქვა, რომ თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-ის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინელ ხალხს რამდენი ხანიც დასჭირდებათ.

„ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, აგრესიის გამო პუტინსა და რუსეთს დავუწესებთ ახალ შეზღუდვებს და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, ხოლო უკრაინასთან მიმართებით, უნდა გამოვიჩინოთ მხარდაჭერა, რათა შეძლონ დაიცვან ქვეყანა და მოიპოვონ თავისუფლება“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.