ISW-ის ანალიტიკოსებმა დაასახელეს სტრატეგიული რეგიონები, რომლებიც უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გეგმები, უკრაინასთან მიმართებით არ შეცვლილა. ამის მიუხედავად, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები და უზრუნველყოს გრძელვადანი უსაფრთხოება და ქვეყნის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) დასკვნაშია ნათქვამი. 

ანალიტიკოსების შეფასებით, აუცილებელია ხერსონის ოლქის დაბრუნება. 

„თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიბრუნებენ კონტროლს მდინარე დნეპრის მთელ დასავლეთ სანაპიროზე, მაშინ რუსებს, სავარაუდოდ, უკიდურესად გაუჭირდებათ სახმელეთო თავდასხმები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთზე. ამრიგად, ნიკოლაევის, ოდესისა და მთელი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს თავდაცვითი შესაძლებლობები დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთ ხერსონის განთავისუფლებაზე.

ამასთან, ენერგოდარის გათავისუფლება ისე უნდა მოხდეს, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურმა ხელახლა დაიწყოს მუშაობა, რაც გადამწყვეტია უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის დახარჯული დროისა და ფულის შესანარჩუნებლად.

უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად მნიშვნელოვანია კიევის კონტროლის ქვეშ, დონბასის ეკონომიკური რეგიონის დაბრუნება. ამის სამხედრო პირობაა უკრაინის მიერ მარიუპოლის, ასევე საგზაო და სარკინიგზო ქსელების გათავისუფლება ჩრდილოეთით, ვოლნოვახას გავლით დონეცკისკენ და დასავლეთით მელიტოპოლისა და ზაპოროჟიესკენ.

მარიუპოლზე კონტროლის დასამყარებლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაათავისუფლონ 2014 წელს მიტაცებული ტერიტორიების ნაწილი მაინც. სადემარკაციო ხაზი, რომელიც წარმოიშვა ამ შემოჭრის შედეგად, ძალიან ახლოს გაიარა მარიუპოლთან, რის გამოც ქალაქი ალყაში მოექცა. 

ყირიმის ნახევარკუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც NATO-სთვის, ასევე უკრაინისთვის. ნახევარკუნძულზე რუსული კონტროლი პუტინს საშუალებას აძლევს განათავსოს საზენიტო რაკეტები დასავლეთით 325 კილომეტრში, ხოლო ავიაცია - სევასტოპოლში დაახლოებით 300 კილომეტრში დასავლეთით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საჰაერო და სარაკეტო საფრთხის მასშტაბისა და სიგანისთვის, რომელიც რუსეთმა შესაძლია, NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე შექმნას. ეს ასევე შესაძლებლობას აძლევს პუტინს, რომ უკრაინაში მომავალი შეჭრა მოამზადოს“, - ამბობენ ISW ანალიტიკოსები.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.