აშშ-ის მიდგომა იგივე რჩება: ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და გააძლიერებს მის პოზიციებს ბრძოლის ველზე ისე, რომ უკრაინული მხარის პირობებით წარიმართოს მოლაპარაკებები, რომლის დროსაც თავად უკრაინა განსაზღვრავს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველი არის: მან [პრეზიდენტმა ბაიდენმა] თქვა პრესკონფერენციაზე, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და როგორ სურთ მოლაპარაკება. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ მათზე ზეწოლას; ჩვენ არ ვაპირებთ მათთვის კარნახს“, - განაცხადა სალივანმა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ანექსიის მცდელობებს, ეს არ ნიშნავს მოლაპარაკებების სერიოზულად აღქმას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის იმისთვის, „უკრაინელები ბრძოლის ველზე საუკეთესო პოზიციაში ჩააყენოს, რათა როდესაც ისინი გადაწყვეტენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები“, „საუკეთესო პოზიცია ჰქონდეთ მოლაპარაკების მაგიდასთანაც“.
სალივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა არის მშვიდობის მხარე ამ კონფლიქტში, ხოლო რუსეთი ომის მხარეა“.
11 ნოემბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დატოვეს. ქალაქი რუსეთის ჯარებს მარტის შემდეგ ჰქონდათ დაკავებული.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.
რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებაზე, კიევში 13 ნოემბერს ორი კომენტარი გაკეთდა.
ერთის თანახმად, რომელიც უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერს, დავით არახამიას ეკუთვნის, „როდესაც საარჩევნო კამპანიის ციკლი დაიწყება როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, 2023 წლის მეორე ნახევარში, შეიძლება, გაჩნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საუბრობდა, რა შემთხვევაში დაიწყებს რუსეთი კიევთან მოლაპარაკებებს.
გასულ კვირას, რუსეთმა რამდენჯერმე განაცხადა კიევთან მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი ბოლო კომენტარი უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლებას მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რომ უკრაინა ღიაა მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.