უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, NATO-ს ელჩები, ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრას.
The Guardian-ის ცნობით, მთავრობის სპიკერმა დაადასტურა, რომ მთავრობა ამ საკითხს განიხილავდა.
ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ, დააყენონ ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი, განსაკუთრებით, წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გარემოებების შესახებ, გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.
მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს.
NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.
უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.
რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.
აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია.
ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.
ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს.
უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.